ფარისებრი ჯირკვალი კისრის წინა ნაწილში, ხორხის (ხმოვანი აპარატი) ქვეშ მდებარე, პეპლის ფორმის ენდოკრინული ორგანოა. მისი ფუნქციაა, გამოიმუშაოს თირეოიდული ჰორმონები, რომლებიც გადადის სისხლში და აღწევს ადამიანის ორგანიზმის ყველა ქსოვილში.

ძირითადი ჰორმონი, რომელიც წარმოიქმნება ფარისებრ ჯირკვალში, არის თიროქსინი, რომელსაც ასევე ჰქვია T4, რადგან შეიცავს იოდის 4 მოლეკულას. ფარისებრი ჯირკვლის მიერ მცირე რაოდენობით ასევე გამოიყოფა მეორე და უფრო აქტიური ჰორმონი – ტრიიოდთირონინი ანუ T3, რომელიც შეიცავს იოდის სამ მოლეკულას. ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონთა უმთავრესი ფუნქციაა თქვენი სხეულის ყოველი ქსოვილის ძირითადი ცვლის რეგულაცია. ისინი მნიშნელოვან გავლენას ახდენს ქსოვილებისა და ორგანოების ნორმალურ ფუნქციონირებაზე. მაგალითად, თირეოიდული ჰორმონები აკონტროლებს სხეულის ტემპერატურას, გულისცემის სიხშირეს, არტერიულ წნევას, და საკვების ენერგიად გარდაქმნის სიჩქარეს ანუ ნივთიერებათა ცვლას (მეტაბოლიზმს).

რა ხდება, როცა ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების სეკრეცია იცვლება?
როდესაც თირეოიდული ჰორმონების მაჩვენებელი მეტისმეტად დაქვეითებულია, ქსოვილებშიც შემცირებულია თირეოიდული ჰორმონების დონე და ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის პროცესები ფერხდება.
რა არის ჰიპოთირეოზი?
ჰიპოთირეოზი არის ფარისებრი ჯირკვლის დაავადება. თუ თქვენ დაგისვეს ჰიპოთირეოზის დიაგნოზი, ეს იმას ნიშნავს, რომ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია დაქვეითებულია (,,ჰიპო-‘’ ნიშნავს ,,დაბალს’’ ან ,,ნორმის ქვემოთ’’). ჰიპოთირეოზის მქონე პაციენტებში ფარისებრი ჯირკვალი ვერ გამოიმუშავებს ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის საჭირო საკმარისი რაოდენობის თირეოიდულ ჰორმონებს. თირეოიდული ჰორმონების შემცირებული რაოდენობა აფერხებს ორგანიზმის ნორმალურ ფუნქციონირებას და შედეგად ჩნდება ზოგადი ჩივილები, როგორიცაა: კანის სიმშრალე, ადვილად დაღლა, უენერგიობა და მეხსიერების გაუარესება. სიმპტომების მრავალფეროვნების და არასპეციფიურობის გამო ჰიპოთირეოზის დიაგნოზის დაზუსტება ხდება სისხლში თირეოტროპული ჰორმონის დონის განსაზღვრით.
სხეულის წონის მატება, შეშუპებელი სახე, თმისცვენა, კანის სიმშრალე, კუნთების სპაზმი, ყაბზობა, გულისრევა, მტკივნეული და გახანგრძლივებული მენსტრუალური ციკლი, გაღიზიანებადობა, შფოთვა, დეპრესია, უძილობა, მაღალი არტერიული წნევა და ქოლესტერინი, შენელებული გულისცემა, მცივანობა, კრუნჩხვები, სიცივის აუტანლობა, ქრონიკული დაღლილობა.
ვინ შეიძლება დაავადდეს ჰიპოთირეოზით?
ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევიდან ყველაზე ხშირად ჰიპოთირეოზი ანუ მისი ფუნქციის დაქვეითება გვხვდება.
ჰიპოთირეოზი შეიძლება აღენიშნოს ნებისმიერ ადამიანს მთელს მსოფლიოში განურჩევლად ასაკისა, სქესისა, რასისა, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და განათლებისა. ამერიკელების 2-3%-ს ჰიპოთირეოზი აქვთ, მათ შორის 10-15%-ს —სუბკლინიკური (მსუბუქი) ფორმა. დაავადებულთა ნახევარზე მეტმა არც კი იცის, რომ ჰიპოთირეოზი აქვს.
ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობს ჰიპოთირეოზის განვითარებას
ახლო ნათესავებში (მშობლები, ბებია-ბაბუა) არსებული დადგენილი აუტოიმუნური დაავადება)
ჰიპოთირეოზი შეიძლება განვითარდეს ყველა ასაკში, თუმცა ასაკის მატებასთან ერთად მისი განვითარების რისკი იზრდება
ჰიპოთირეოზი უფრო ხშირია ქალებში, ვიდრე მამაკაცებში, ხოლო, ახალგაზრდა ქალებში უფრო მეტად, ვიდრე ახალგაზრდა მამაკაცებში. ჰიპოთირეოზის განვითარების რისკი იზრდება ორსულობის დროს, მშობიარობის შემდგომ და მენოპაუზის პერიოდში.
ჰიპოთირეოზი უფრო ხშირად აღენიშნებათ თეთრკანიანებს და აზიელებს, ვიდრე სხვა რასის და ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლებს.
სხვადასხვა აუტოიმუნური დაავადებების არსებობა, როგორიცაა ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტი, რევმატოიდული ართრიტი, სკლეროდემია, ცელიაკია, ადისონის დაავადება, პერნიციოზული ანემია ან ვიტილიგო
რადიაოქტიური იოდით მკურნალობა ან რადიაციული დასხივება კისრის ან გულმკერდის არეში
ქირურგიული ჩარევა ფარისებრ ჯირკვალზე
დაუნის სინდრომი ან ტერნერის სინდრომი – გენეტიკური დარღვევები
ბიპოლარული აშლილობა (მანიაკალური დეპრესია).
ჰიპოთირეოზისთვის დამახასიათებელი სიმპტომები

ჰიპოთირეოზი ხასიათდება სიმპტომთა მრავალფეროვნებით.
სიმპტომი წარმოადგენს დაავადების გარეგნულ ნიშანს – ის რასაც ხედავ, გრძნობ და/ან განიცდი. ამ სიმპტომთა უმეტესობა არასპეციფიურია და შესაძლოა ჯანმრთელობის სხვა მდგომარეობებითაც იყოს განპირობებული (არა ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიით). როდესაც ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონთა დონე დაბალია, შესაბამისად, თქვენი სხეულის უჯრედები ვერ იღებს საკმარისი რაოდენობით ჰორმონებს, რაც განაპირობებს ორგანიზმის ე.წ. ძირითადი ცვლის პროცესის შენელებას. მაგალითად, როცა ორგანიზმში წარმოიქმნება ნაკლები სითბო და ნაკლები ენერგია, ეს იწვევს ტვინის ფუნქციონირების (მეხსიერება) და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის აქტივობის შენელებას. თქვენ შესაძლოა შენიშნოთ მცივანობა, ადვილად დაღლა, კანი ხდება უფრო მშრალი, ადამიანი ხდება გულმავიწყი და დეპრესიული, ასევე აღენიშნება ყაბზობა.
ამგვარად, ჰიპოთირეოზი მხოლოდ სიმპტომებს არ იწვევს, ის აუარესებს პროცესებს.
ჰიპოთირეოზისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, როგორც წესი, თანდათან, თვეებისა და წლების განმავლობაში, ვლინდება. თუმცა, ზოგიერთ ადამიანში ჰიპოთირეოზი ვითარდება სწრაფად, რამდენიმე თვის მანძილზე. ზოგადად, რაც უფრო მეტად ქვეითდება ორგანიზმში ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დონე და რაც უფრო ხანგრძლივად ნარჩუნდება ეს დონე, მით მეტადაა გამოხატული ჰიპოთირეოზისთვის დამახასიათებელი სიმპტომები და მით უფრო მძიმე ფორმებს იღებს.
სუბკლინიკური ჰიპოთირეოზი: აღნიშნული ფორმის დროს ადამიანს ჩივილები სუსტად აქვს გამოხატული ან საერთოდ არ აღენიშნება. მძიმე ჰიპოთირეოზი: მძიმე ჰიპოთირეოზი ხასიათდება აშკარა კლინიკური გამოვლინებებით. ზოგიერთი ადამიანის მდგომარეობა მძიმეა დიაგნოზის დადგენისას, ზოგიერთს კი, მიუხედავად იმისა, რომ სისხლის ანალიზი მკვეთრად შეცვლილია, ჩივილები თითქმის არ აქვს და ჰიპოთირეოზის დიაგნოზის დასმა მხოლოდ ლაბორატორიული კვლევებითაა შესაძლებელი.
ჰიპოთირეოზის ზოგადი გამოვლინებები
- ენერგიის ნაკლებობა
- დაღლილობა, პაციენტებს უჭირთ დილით გაღვიძება, საჭიროებენ უფრო ხანგრძლივ ძილს და დღის განმავლობაში აღენიშნებათ ძილიანობა.
- ხდებიან მცივანები, მაშინ როცა სხვა ადამიანები იმავე ტემპერატურაზე თბილად გრძნობენ თავს
- აღენიშნებათ ნაკლები ოფლიანობა
- კანის სიმშრალე, ქავილი
- მშრალი, უხეში, მყიფე თმა
- გაძლიერებული თმის ცვენა (მისი ხარისხი განსხვავდება სხვადასხვა ადამიანებში. ისინი არ მელოტდებიან, თუმცა თმა უთხელდებათ)
- მადის დაქვეითება
- სხეულის მასის მსუბუქი მატება (2,3-9 კგ), წონის კლება გართულებულია
- მეხსიერების ახლად გამოვლენილი გაუარესება, შენელებული აზროვნება
- ხვრინვის დაწყება
- კუნთების და სახსრების ტკივილი
- დაბუჟების შეგრძნება ხელებსა და ფეხებში (პარესთეზია)
- ახლად გამოვლენილი ან გაუარესებული ყაბზობა
- სახის შეშუპება (განსაკუთრებით ქუთუთოების), ხელების, ტერფების, კოჭების არეში სითხის შეკავების გამო
- მაჯის არხის სინდრომი
- უფრო მტკივნეული და/ან უფრო გახშირებული მენსტრუალური
ციკლი, კრუნჩხვების გახშირება, მენსტრუალური ციკლის დარღვევა, ძუძუდან გამონადენი - გაღიზიანებადობა
- ახლად გამოვლენილი დეპრესია ან არსებულის გაუარესება, ინდიფერენტულობა გარემოცვის მიმართ
- ხმის ჩახლეჩის/დაბოხების გამოვლენა ან გაუარესება
- თმის ცვენის გამოვლენა ან არსებულის გაუარესება
- ჩიყვი – კისრის წინა ნაწილის ფორმის ცვლილება/გადიდება ფარისებრი ჯირკვლის ზომაში ზრდის გამო
- გულისცემის სიხშირის შემცირება
- არტერიული წნევის ოდნავი მომატება
- ქოლესტერინის დონის მომატება
- ბავშვებში ზრდის შეფერხება.
ჰიპოთირეოზის გამომწვევი მიზეზები
აუტოიმუნური დაავადება
ადამიანის იმუნური სისტემა იცავს ორგანიზმს ბაქტერიებისა და ვირუსების ზემოქმედებისგან (ბაქტერია, ვირუსები). აუტოიმუნური (,,აუტო’’ ნიშნავს ,,თვით’’) დაავადების დროს იმუნური სისტემა იწყებს ბრძოლას საკუთარ ჯანსაღ ქსოვილებთან/ორგანოებთან.
აუტოიმუნური ჰიპოთირეოზის დროს იმუნური სისტემა ,,შეცდომით’’ თავს ესხმის ფარისებრი ჯირკვლის უჯრედებს, რაც იწვევს უჯრედების იმუნურ ანთებას და დაზიანებას და ამის შედეგად ირღვევა მათში თირეოიდული ჰორმონების გამომუშავება. როდესაც დაზიანებულია ფარისებრი ჯირკვლის ქსოვილის დიდი ნაწილი, ორგანიზმში ვითარდება თირეოიდული ჰორმონების დეფიციტი, ვინაიდან მცირე რაოდენობით უჯრედებიღაა დარჩენილი, რომელთაც შეუძლია ჰორმონთა სინთეზი. აუტოიმუნური თირეოიდიტი უფრო ხშირად გვხვდება ქალებში, ვიდრე მამაკაცებში. იგი შეიძლება დაიწყოს ნებისმიერ ასაკში, მაგრამ შემთხვევათა რაოდენობა იზრდება ასაკის მატებასთან ერთად. ქალებში ხშირად იწყება ორსულობისას, მშობიარობის შემდეგ, მენოპაუზაში. სავარაუდო მიზეზი მემკვიდრეობითი წინასწარგანწყობისა და უცნობი ტრიგერის/გამომწვევის ერთობლიობაა. აუტოიმუნური თირეოიდიტი შეიძლება განვითარდეს უეცრად, მაგრამ უმრავლეს შემთხვევებში იგი ვითარდება ნელ-ნელა, წლების განმავლობაში. აუტოიმუნური თირეოიდიტის ყველაზე ხშირი ფორმაა ჰაშიმოტოს თირეოიდიტი, რომელიც დროთა განმავლობაში იწვევს ფარისებრი ჯირკვლის ზომის შემცირებას.
ქირურგიული ჩარევა ფარისებრ ჯირკვალზე (ნაწილის ან მთლიანი ჯირკვლის ამოკვეთა)
ზოგიერთ ადამიანს ფარისებრი ჯირკვლის კვანძოვანი წარმონაქმნის, კიბოს ან გრეივსის დაავადების გამო ესაჭიროება ქირურგიული ჩარევა ფარისებრ ჯირკვალზე, ნაწილობრივი ან სრული ამოკვეთა. ჰიპოთირეოზი ვითარდება ფარისებრი ჯირკვლის სრული ან ნაწილობრივი ამოკვეთის შემდეგ (დარჩენილი ქსოვილი ვერ ფუნქციონირებს სათანადოდ).
რადიაქტიული იოდით მკურნალობა
პაციენტებს გრეივსის დაავადებით, კვანძოვანი ტოქსიური ჩიყვით ან ფარისებრი ჯირკვლის კიბოთი ესაჭიროებათ მკურნალობა რადიაქტიული იოდით ( 131I), რომელიც ანადგურებს ფარისებრი ჯირკვლის ქსოვილს და ვითარდება ჰიპოთირეოზი. ჰოჯკინის ლიმფომას, კისრის ან თავის კიბოს ზოგიერთ შემთხვევაში საჭიროა რადიაციული თერაპია, რამაც ასევე შეიძლება დააზიანოს ფარისებრი ჯირკვალი და გამოიწვიოს ჰიპოთირეოზი.
თანდაყოლილი ჰიპოთირეოზი
ყოველწლიურად 4000 ახალშობილიდან ერთი იბადება ფარისებრი ჯირკვლის გარეშე ან ნაწილობრივ ჩამოყალიბებული ჯირკვლით. ერთეულ ახალშობილებში ფარისებრი ჯირკვლის ნაწილი მდებარეობს არასათანადო ადგილას (ექტოპიური ფარისებრი ჯირკვალი). ზოგიერთში ფარისებრი ჯირკვლის უჯრედები ან მისი ჰორმონები არ ფუნქციონირებს ნორმალურად ან ზიანდება დედის მიერ მიღებული რომელიმე მედიკამენტით. ახალშობილთა ნაწილში კი ფარისებრი ჯირკვალი თავიდან შესაძლოა გამოყოფდეს საკმარისი რაოდენობით ჰორმონს გარკვეულ ხანს, მაგრამ მერე შეაჩეროს ფუნქციონირება ბავშვის ზრდის ან მოზრდილობაში გადასვლისას. ამერიკის შეერთებულ შტატებში ხდება ყველა ახალშობილის სკრინინგი თანდაყოლილ ჰიპოთირეოზზე.
თირეოიდიტი
თირეოიდიტი ფარისებრი ჯირკვლის ქსოვილის ანთებაა, რომელიც ჩვეულებრივ, გამოწვეულია აუტოიმუნური შეტევით (ჰაშიმოტოს დაავადება, მშობიარობის შემდგომი თირეოიდიტი, ფარული თირეოიდიტი) ან ვირუსული ინფექციით. თირეოიდიტის დროს, საწყის ეტაპზე, ფარისებრი ჯირკვალი სისხლში გადმოისვრის თირეოიდული ჰორმონის მთელ მარაგს, რაც იწვევს ფარისებრი ჯირკვლის ზედმეტ აქტივობას მოკლე პერიოდის მანძილზე (ჰიპერთირეოზი), თუმცა ჰორმონთა მთელი მარაგის გამოყოფის შემდეგ, აღნიშნული მდგომარეობა მალევე გადადის ჰიპოთირეოზულ მდგომარეობაში. ვირუსული თირეოიდიტის დროს პაციენტებში სრულად ხდება ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის აღდგენა, თუმცა შემთხვევათა მეოთხედში მუდმივი ჰიპოთირეოზი რჩება.
პრეპარატები
ზოგიერთ პრეპარატს შეუძლია დათრგუნოს ფარისებრი ჯირკვლის მიერ ჰორმონების გამომუშავების უნარი, რაც იწვევს ჰიპოთირეოზის ჩამოყალიბებას. მაგალითად, ლითიუმი, ამიოდარონი, ინტერფერონი ალფა, ინტერლეიკინი-2. აღნიშნული პრეპარატები ხელს უწყობს ჰიპოთირეოზის განვითარებას პაციენტებში, რომელთაც აქვთ აუტოიმუნური თირეოიდიტის მიმართ გენეტიკური განწყობა. ძალიან იშვიათად, პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ თალიდომიდით სისხლის მრავლობითი მიელომის გამო, შეიძლება განვითარდეს ჰიპოთირეოზი.
იოდის ნაკლებობა ან სიჭარბე
ფარისებრ ჯირკვალს ესაჭიროება იოდი თირეოიდულ ჰორმონთა სინთეზისათვის. იოდი ორგანიზმში ხვდება საკვებით, ძირითადად, რძის პროდუქტებით, ქათმის ხორცით, საქონლის ხორცით, ღორის ხორცით, თევზით და იოდიზირებული მარილით. შემდეგ იოდი სისხლის მეშვეობით ხვდება ფარისებრ ჯირკვალში. ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის წარმოქმნის ბალანსის დაცვა მოითხოვს იოდის შესაბამის რაოდენობას. ადამიანებმა, რომლებიც მსოფლიოს განუვითარებელ ქვეყნებში ცხოვრობენ, შესაძლოა საკვებით ვერ მიიღონ საკმარისი რაოდენობის იოდი. მსოფლიოში ჰიპოთირეოზის გამომწვევ მიზეზთა შორის ყველაზე ხშირი სწორედ იოდის დეფიციტია, თუმცა აღნიშნული მიზეზით განვითარებული ჰიპოთირეოზი ამერიკის შეერთებულ შტატებში ნაკლებად გვხვდება.
ჭარბი რაოდენობით იოდმა ასევე შეიძლება გამოიწვიოს ან დაამძიმოს მდგომარეობა ჰიპოთირეოზის მხრივ. ჭარბი იოდის მთავარი წყარო დიეტური დანამატებია, რომლებიც შეიცავს კელპს, ერთგვარ ზღვის მცენარეს. ამ დანამატების უმეტესობა ადამიანებს ფუჭ დაპირებებს აძლევს, რომ დაეხმარება ჭარბი წონის დაკლებაში. ზედმეტი იოდის სხვა წყაროა რენტგენისთვის გამოყენებული საკონტრასტო ნივთიერებები, ამიოდარონის მსგავსი მედიკამენტები და ზოგიერთი ძველი ამოსახველებლები.
ჰიპოფიზის დაზიანება
ჰიპოფიზი არის ძირითადი ენდოკრინული ჯირკვალი, რომელიც უგზავნის ფარისებრ ჯირკვალს სიგნალს, თუ რა რაოდენობის ჰორმონები აწარმოოს. თუ ჰიპოფიზი დაზიანებულია ტრავმის, სიმსივნის, რადიაციის ან ოპერაციის შედეგად, შესაძლოა მან ვეღარ შეძლოს ფარისებრ ჯირკვლისთვის ადეკვატური მითითებების მიცემა. შედეგად, ფარისებრი ჯირკვალი აღარ გამოიმუშავებს საკმარისი რაოდენობის თირეოიდულ ჰორმონებს.