ჰიპოთირეოზის მკურნალობა

თიროქსინით ჩანაცვლებითი თერაპია

ჰიპოთირეოზის განკურნება არ ხდება, თუმცა შესაძლებელია მისი მკურნალობა, პაციენტების უმრავლესობაში ჰიპოთირეოზი კარგად ექვემდებარება კონტროლს. ჰიპოთირეოზის მკურნალობა ხდება იმ ჰორმონის ჩანაცვლებითი თერაპიით, რომელსაც თქვენი ფარისებრი ჯირკვალი ვერ გამოიმუშავებს ორგანიზმისთვის საჭირო რაოდენობით. ჩანაცვლებითი თერაპიით ხდება თიროქსინის (T4) და TSH (თმჰ)-ის დონის შენარჩუნება ნორმის ფარგლებში.  სინთეზური თიროქსინის (ასევე ეწოდება ლევოთიროქსინი) ტაბლეტი შეიცავს თიროქსინის (T4)  მსგავს ჰორმონს, რომელიც ბუნებრივად გამომუშავდება ჯანმრთელ ფარისებრ ჯირკვალში. სინთეზური თიროქსინის მიღება უნდა მოხდეს ყოველდღიურად მთელი სიცოცხლის მანძილზე.

ბუნებრივი თიროქსინის (T4)  მსგავსად, სინთეზური თიროქსინის ყოველი დოზა მოქმედებს თქვენს სისხლში ერთი კვირის მანძილზე. ეს საშუალებას იძლევა, სისხლში სტაბილურად შენარჩუნდეს თიროქსინის (T4)-ს დონე და უზრუნველყოს ორგანიზმის უჯრედებისთვის მისი მუდმივი მისაწვდომობა (თიროქსინს 4 კვირა სჭირდება ორგანიზმიდან სრული გამოსვლისთვის).

ვინ უნდა გიმკურნალოთ?

პაციენტთა უმრავლესობას შესაძლოა ეფექტიანადად უმკურნალოს პირველადი ჯანდაცვის ექიმმა. საჭიროა ენდოკრინოლოგის მეთვალყურეობა რეგულარული შემოწმებისთვის ან მოსაზრების გასათვალისწინებლად:

  • თუ თქვენ გაქვთ თანდაყოლილი ჰიპოთირეოზი ან ჰიპოთირეოზის სხვა იშვიათი ფორმა
  • თუ ხართ ორსულად
  • თუ გაქვთ აუტოიმუნური პოლიგლანდულური სინდრომი – როდესაც აუტოიმუნური ჰიპოთირეოზი კომბინირებულია ერთ ან რამდენიმე აუტოიმუნურ დაავადებასთან, როგორიცაა ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტი, ადისონის დაავადება, საკვერცხეების უკმარისობა
  • თუ გაქვთ ეპილეფსია, გულ-სისხლძარღვთა დაავადება, კუჭ-ნაწლავის პრობლემა, რომელიც გავლენას ახენს ჰიპოთირეოზის მკურნალობაზე
  • თუ გაძნელებულია ჩანაცვლებითი თერაპიის შესაბამის დოზის დადგენა
  • თუ გაქვთ შეკითხვები თქვენს დაავადებასთან დაკავშირებით და ვერ გპასუხობთ პირველადი ჯანდაცვის ექიმი.

პაციენტთა უმრავლესობას მკურნალობენ ამბულატორიულად, ჰოსპიტალიზაციის გარეშე.

თიროქსინის პრეპარატების მიღება

თიროქსინით მკურნალობის დაწყებამდე ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ პრეპარატი მიიღოთ ყოველდღე –  ყოველ დღე. მკურნალმა ექიმმა შესაძლოა დაგინიშნოთ  თიროქსინის ფიქსირებული დოზით მკურნალობა, რომელიც უნდა მიიღოთ ყოველდღიურად, ან სხვადასხვა დოზა სხვადასხვა დღეს. აღნიშნული წესის დაცვით განსაზღვრავს ექიმი, როგორ რეაგირებს TSH (თმჰ) მკურნალობაზე. თიროქსინი ანაცვლებს ჰორმონს, რომელსაც თქვენი ფარისებრი ჯირკვალი ვერ გამოიმუშავებს. თიროქსინი არ არის ანტიბიოტიკი, რომელიც უნდა მიიღო ერთი ან ორი კვირის განმავლობაში ინფექციის სამკურნალოდ. მხოლოდ თიროქსინის რეგულარული მიღებითაა შესაძლებელი  ჰიპოთირეოზის კონტროლი, თუ რაიმე მიზეზით შეწყვეტთ თიროქსინის მიღებას, ჰიპოთირეოზი კვლავ განახლდება (დაბრუნდება). ზოგიერთი პაციენტს, რომელსაც აქვს ჰიპოთირეოზი, მაგრამ არ აქვს სიმპტომები, არ სურს თიროქსინის მიღება, რადგან თავს კარგად გრძნობს. ასეთი პაციენეტები, რა თქმა უნდა, საჭიროებენ თიროქსინის მიღებას, რადგან ორგანიზმის ფუნქციონირება თანდათან ნელდება.

რჩევები თიროქსინის ტაბლეტების მიღებასთან დაკავშირებით

ქვემოთ ჩამოთვლილი რჩევები დაგეხმარებათ პრეპარატის ყოველდღიურ მიღებაში:

  • პრეპარატის სრული სადღეღამისო დოზა მიიღება მთლიანად, დიდი რაოდენობის სითხესთან ერთად, თუ შესაძლებელია ჭიქა წყლის მიყოლებით. პრეპარატი მიიღება დილით უზმოზე, არანაკლებ ნახევარი საათით ადრე საუზმემდე. პრეპარატის მიღება უკეთესია უზმოზე, ვიდრე ჭამის წინ ან ჭამის შემდეგ.
  • ზოგიერთ ადამიანს ავიწყდება, მიიღო თუ არა დღის განმავლობაში პრეპარატი. თვალყური რომ მიადევნოთ წამლის მიღებას, დიდად დაგეხმარებათ თიროქსინის შენახვა წამლის სპეციალურ კონტეინერში, რომელსაც აწერია კვირის დღეები. რაშიც არ უნდა გედოთ წამალი, ყურადღება მიაქციეთ, რომ მჭიდროდ ქონდეს თავი დახურული და წამალი ინახებოდეს მშრალად.შეინახეთ თიროქსინი იმ ოთახში, სადაც ყველაზე მეტად გაგახსენდებათ პრეპარატის მიღება. ისე, როგორც ყველა წამალი, თიროქსინიც ბავშვებისგან დაცულ ადგილას უნდა შეინახოთ
  • არ აქვს მნიშვნელობა, პრეპარატს ცარიელ კუჭზე იღებთ თუ საკვებთან ერთად, მთავარია, მიღების წესი ყოველდღიურად ერთნაირი იყოს. ეს იმიტომ, რომ საკვები და სხვა წამლები გავლენას ახდენს თიროქსინის შეწოვაზე. თუ წამალს ყოველთვის ჭამის შემდეგ იღებთ, შესაძლოა თიროქსინის უფრო მაღალი დოზა დაგჭირდეთ, ვიდრე უზმოდ მიღებისას.

რატომ უნდა მიიღოთ მუდამ ერთი და იგივე წარმოების თიროქსინი

საქართველოს ბაზარზე რეგისტრირებული და ხელმისაწვდომია რამდენიმე კომპანიის მიერ წარმოებული ლევოთიროქსინი (თიროქსინი). ყველა ბრენდი შეიცავს ერთსა და იმავე  მოქმედ ნივთიერებას, მაგრამ ყველა მათგანში მცირე განსხვავებაა. ეს სხვაობა გავლენას ახდენს პრეპარატის შეწოვაზე. აღნიშნულის გამო  FDA-ს (ამერიკის საკვებისა და წამლის ადმინისტრაცია) მიერ არ არის რეკომენდებული ბრენდების შეცვლა  (არ არის უსაფრთხო მათი ჩანაცვლება) რადგან, თუ თქვენ დოზის შეუცვლელად ერთი ბრენდის მიერ წარმოებულ თიროქსინს მეორე ბრენდით ჩაანაცვლებთ, თქვენმა ორგანიზმმა შეიძლება შეიწოვოს თიროქსინის სხვადასხვა რაოდენობა. ყოველივე ეს კი ნიშნავს იმას, რომ თუ თქვენ შეანაცვლებთ თიროქსინის ერთი ბრენდს მეორეთი, ბრენდის შეცვლის შემთხვევაში,  6 -12 კვირის შემდეგ უნდა გააკონტროლოთ სისხლში TSH (თმჰ)-ის დონე და შესაძლოა დაგჭირდეთ დოზის კორექტირება.

ამერიკის თირეოიდოლოგთა ასოციაცია გირჩევთ, რომ მკურნალობა გააგრძელოთ ერთი ბრენდის ლევოთიროქსინით.

თიროქსინის შეძენისას, ყოველ ჯერზე დარწმუნდით, რომ ფარმაცევტი გაძლევთ იგივე ბრენდს.

თუ დაგავიწყდათ თიროქსინის მიღება

თუ თქვენ დაგავიწყდათ ერთი ტაბლეტი თიროქსინის მიღება, ეს არ არის სერიოზული პრობლემა, რადგან თიროქსინი ხანგრძლივად რჩება სისხლში. მაგალითად, თუ შუადღისას გაგახსენდათ, რომ დილით არ მიგიღიათ თიროქსინის ტაბლეტი, მიიღეთ გახსენებისთანავე. თუ დღეს გაგახსენდათ, რომ გუშინ არ მიგიღიათ თიროქსინი, შეგიძლიათ დღეს  მიიღოთ ორი ტაბლეტი –  ერთი დილით და ერთი საღამოს. თუ თქვენ გაქვთ გულისრევა-ღებინება თიროქსინის ტაბლეტის მიღების შემდეგ,  არ მიიღოთ დამატებითი ტაბლეტი, მოიცადეთ და მეორე დღეს მიიღეთ რეგულარული დოზა.

ხოლო თუ დილით ტაბლეტის მიღების შემდეგ გაქვთ ღებინება, რადგან ხართ ორსულად და გაქვთ ორსულთა ტოქსიკოზი, მაშინ მეორე ტაბლეტი მიიღეთ ძილის  წინ,  მაშინ როცა შედარებით უკეთ იგრძნობთ თავს.

უფრო სერიოზული შედეგები შეიძლება მოჰყვეს თითო ტაბლეტი თიროქსინის გამოტოვებას ყოველკვირეულად, რადგან ორგანიზმი აღნიშნულ ფაქტს აღიქვამს ისე, თითქოს იღებთ ნაკლებ დოზას, ვიდრე საჭიროა. მაგალითად, თუ თქვენ დანიშნული გაქვთ ყოველდღიურად 100 მკგ თიროქსინი, კვირის განმავლობაში გამოდის 700 მკგ, თუ ყოველ კვირას დაგავიწყდებათ 1 ტაბლეტის მიღება, გამოდის, კვირის მაძილზე მიიღებთ 600 მკგ-ს. თუ გადავიანგარიშებთ დღეეების რაოდენობაზე, გამოვა, რომ ყოველდღიურად იღებთ 86 მკგ-ს, რაც დანიშნულზე ნაკლებია. თუ თქვენ გამოგრჩათ 2 ტაბლეტი თიროქსინის მიღება კვირის მანძილზე, გამოდის, კვირის მაძილზე მიიღებთ 500 მკგ-ს. თუ გადავიანგარიშებთ დღეეების რაოდენობაზე, გამოვა, რომ ყოველდღიურად იღებთ 71 მკგ-ს. თუ თქვენ გამოტოვეთ რამდენიმე ტაბლეტი, არ შეეცადოთ მის დოზის შევსებას ერთდროული მიღებით, უბრალოდ შეეცადეთ გამოასწოროთ მიღების რეჟიმი და გამოიმუშაოთ წამლის მიღების შეხსენების უკეთესი მეთოდი. თუ TSH(თმჰ)-ის კონტროლისას შედეგი არ არის დამაკმაყოფილებელი, გაიხსენეთ, რამდენად რეგულარულად იღებდით თიროქსინს და უთხარით თქვენს ექიმს.

თუ დაორსულდით

თუ გეგმავთ ორსულობას, მიიღეთ თიროქსინი დანიშნულებისამებრ. თუ ორსულად ხართ,  უფრო მეტი თიროქსინი გჭირდებათ ვიდრე ორსულობამდე, რადგან უნდა უზრუნველყოთ როგორც თქვენი ასევე ნაყოფის ორგანიზმი თიროქსინით. მიმართეთ ექიმს ორსულობის დადგენისათანავე ან მისი დაგეგმვისასაც კი. თქვენი და ბავშვის საუკეთესო ჯანმრთელობის  უზრუნველსაყოფად მჭიდრო კავშირი უნდა გქონდეთ ექიმთან. ორსულობის პერიოდში ექიმი რამდენჯერმე გაგიკეთებთ TSH (თმჰ)-ის ანალიზს. შესაძლოა დაგჭირდეთ თიროქსინის დოზის მომატება 30-50 %-ით, ვინაიდან  ამ დროს ორგანიზმს მოთხოვნილების უზრუნველსაყოფად მეტი T4 ესაჭიროება. მშობიარობის შემდგომ საჭირო იქნება ლევოთიროქსინის  უწინდელ დოზაზე დაბრუნება. ბევრი ექსპერტი რეკომენდაციას უწევს ორსულობის დაგეგმვამდე ან  მის დადგენისთანავე ყველა ქალის შემოწმებას ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქციაზე. თუ ორსულობისას ჰიპოთირეოზის დიაგნოზი დაგისვეს, უნდა დაიწყოთ თიროქსინით ჩანაცვლებითი თერაპია და ჩაიტაროთ ჰორმონალური კონტროლი 6-8 კვირაში ერთხელ მშობიარობამდე. მშობიარობის შემდეგ TSH (თმჰ)-ის მაჩვენებლის მიხედვით გადაწყდება თიროქსინით მკურნალობის საჭიროების საკითხი.

მკურნალობის განხილვა

თიროქსინი და სხეულის მასის კლება

ჰიპოთირეოზმა შესაძლოა გამოიწვიოს სხეულის მასის მომატება 2,3კგ-დან 9კგ-მდე, მაგრამ არა სიმსუქნე. სიმსუქნის მქონე პაციენტებში გამოკვლეულ უნდა იქნას სიმსუქნის მიზეზი. ჰიპოთირეოზის მქონე პაციენტები, რომელთაც სწორად აქვთ თიროქსინის დოზა შერჩეული, წონას უცებ ვერ მოიკლებენ, მაგრამ, თუ ეცდებიან, გაუიოლდებათ მისი დაკლება. ადამიანები, რომლებიც თიროქსინის მაღალ დოზებს წონის სწრაფი დაკლების იმედით იღებენ, საფრთხეს უქმნიან თავის ჯანმრთელობას – ასუსტებენ ძვლებსა და სახსრებს, იზიანებენ გულ-სისხლძარღვთა სისტემას, რაც, თავის მხრივ,  ხელს უშლის ფიზიკურ აქტივობას. უფრო მეტიც, თიროქსინის ჭარბი მიღების ფონზე შეიძლება გაძლიერდეს  შიმშლის გრძნობა და გახდომის მაგივრად აკრიფონ წონა. TSH (თმჰ)-ის ნორმალური მაჩვენებლების დროს დაუშვებელია წონის კლების მიზნით თიროქსინის მიღება.

არაეფექტიანი მკურნალობა

ჩინურ მცენარეებს, სელენს, იოდ-თიროზინის დანამატებს, კელპს (ზღვის მცენარეების ერთგვარი სახეობა) და სხვა მცენარეულ საშუალებებს, რომლებიც შეიცავს დიდი რაოდენობით იოდს, რეკომენდაციას უწევენ ჰიპოთირეოზის სამკურნალოდ, თუმცა ისინი უეფექტოა. როდესაც ფარისებრი ჯირკვალი წყვეტს ფუნქციონირებას, დამატებითი იოდის მიღება ვერ დაეხმარება მას უკეთ მუშაობაში. ჭარბი რაოდენობით იოდის მიღებამ კი  შესაძლოა რეალურად გააუარესოს მდგომარეობა, როგორც ჰიპოთირეოზის, ისე – თირეოტოქსიკოზის მხრივ.  რაც ყველაზე უარესია, არასაჭირო იოდის მიღებისას ადამიანი ფიქრობს, რომ მკურნალობს და აგვიანებს ლევოთიროქსინის დაწყებას, რაც მათ სინამდვილეში ესაჭიროებათ.