იმ ქვეყნებში, სადაც საკვები არ შეიცავს საკმარის იოდს, იოდით პროფილაქტიკამ შეიძლება თავიდან აგვაცილოს ჰიპოთირეოზის განვითარება. ამერიკის შეერთებულ შტატებში და სხვა განვითარებულ ქვეყნებში, სადაც საკვები შეიცავს საკმარისი რაოდენობის იოდს, არ არის რაიმე ცნობილი მეთოდები ჰიპოთირეოზის პროფილაქტიკისთვის. ახალშობილების, ორსული ქალების, სიმპტომების ან რისკის ფაქტორების მქონე ადამიანების ტესტირება ჰიპოთირეოზის ადრეულ ეტაპზე დიაგნოსტირების საუკეთესო გზაა. ყველაზე დიდი რისკის ფაქტორია დამძიმებული მემკვიდრეობა ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების მხრივ.
ჰიპოთირეოზის დიაგნოსტიკა
დიაგნოზი არის ჩივილებისა და ნიშნების სიმპტომების საშუალებით დაავადების იდენტიფიცირების ხელოვნება. ჰიპოთირეოზის დასადგენად ექიმი განიხილავს რამდენიმე ფაქტორს, რაც მოიცავს:
- სიმპტომებს (თვითშეგრძნებები, დაავადების ისტორია, რისკის ფაქტორები, მემკვიდრეობით წინასწარგანწყობა
- ფიზიკალურ გამოკვლევას
- სისხლის ანალიზებს: ყველაზე მგრძნობიარეა სისხლში თირეოტროპული ჰორმონის დონე (TSH). ასევე შეიძლება განისაზღვროს სისხლში თავისუფალი თიროქსინის (FT4), თავისუფალი თიროქსინის ინდექსის და საერთო თიროქსინის (T4) დონე.
თვითშეგრძნებების ცვლილება
არ შეიძლება მხოლოდ სიმპტომებით დაისვას ჰიპოთირეოზის დიაგნოზი. ჰიპოთირეოზისათვის დამახასიათებელი ჩივილები ჯანმრთელი ფარისებრი ჯირკვლის მქონე ადამიანსაც შეიძლება ჰქონდეს. ამ სიმპტომებმა შესაძლოა გამოავლინოს მდგომარეობები, რომლებიც დაკავშირებულია ან არ არის კავშირში ფარისებრ ჯირკვალთან. ერთ-ერთი გზა იმის დასადგენად, თქვენი ჩივილები დაკავშირებულია თუ არა ჰიპოთირეოზთან, არის იმაზე დაფიქრება და განსაზღვრა, მსგავსი ჩივილები ყოველთვის გქონდათ თუ ისინი გაუარესდა/გაჩნდა ბოლო პერიოდში (შეიძლება მიუთითებდეს ჰიპოთირეოზზე).
ავადმყოფობის და საოჯახო ანამნეზი
ვიზიტისას მოუყევით ექიმს ყველაფერი, კერძოდ:
ზოგადი ინფორმაცია ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, განსაკუთრებით კი ცვლილებების შესახებ
ოჯახური ანამნეზი, ახლო ნათესავებს (მშობლებს, ბებია-ბაბუებს) აქვთ თუ არა ჰიპოთირეოზი ან ფარისებრი ჯირკვლის სხვა დაავადება
როდესმე ხომ არ გაქვთ ჩატარებული ქირურგიული მკურნალობა ფარისებრ ჯირკვალზე
როდესმე ხომ არ გაქვს ჩატარებული თავ-კისრის არის რადიაციული თერაპია
ხომ არ იღებთ რაიმე პრეპარატებს, რომლებიც გავლენას ახდენს ფარისებრ ჯირკვალზე, როგორიცაა ამიდარონი, ლითიუმი, ინტერფერონი ალფა, ინტერლეიკინი-2 ან თალიდომიდი
ფიზიკალური გამოკვლევა

ჩივილებისა და დაავადების ანამნეზის შეფასებასთან ერთად მკურნალი ექიმი გაგისინჯავთ ფარისებრ ჯირკვალს და ჰიპოთირეოზის ფიზიკურ გამოვლინებებს, როგორიცაა:
- კანის სიმშრალე
- შეშუპება
- დუნე რეფლექსები
- გულისცემის შენელება.
სისხლში TSH და FT4 დონის განსაზღვრა

დიაგნოზის დასადგენად ექიმი გადაწყვეტს სისხლში ქვემოთ ჩამოთვლილი ერთ-ერთი ან ყველა ჰორმონის დონის განსაზღვრას.
TSH
TSH (თმჰ)- თირეოიდმასტიმულირებელი ჰორმონი, ყველაზე მნიშვნელოვანი და მგრძნობიარე ჰორმონია ჰიპოთირეოზის დიაგნოსტირებისა და მონიტორინგისთვის. TSH (თმჰ) სისხლის მარტივი ტესტია, რომელიც განსაზღვრავს რამდენი თიროქსინის (T4) გამომუშავება „დაევალა“ ფარისებრ ჯირკვალს. TSH (თმჰ)-ის მომატებული დონე შესაძლოა მიუთითებდეს ჰიპოთირეოზის არსებობაზე.
რა არის TSH (თმჰ) (თირეოიდმასტიმულირებელი ჰორმონი)?
ფარისებრ ჯირკვალს ესაჭიროება ინფორმაცია, თუ რამდენი თირეოიდული ჰორმონი უნდა გამოიმუშაოს. აღნიშნული მითითება მას მიეწოდება ჰიპოფიზიდან. ეს სისტემა მუშაობს უკუკავშირის პრინციპით: ჰიპოფიზის განსაზღვრული უჯრედები „აღიქვამს“ თიროქსინის (T4) დონეს, არის თუ არა ის საკმარისი რაოდენობით.
ჰიპოფიზი „პასუხობს“ ფარისებრ ჯირკვალს მისი ჰორმონის – თირეოიდმასტიმულირებელი ჰორმონის (TSH) გამოყოფით. როცა ორგანიზმში თიროქსინი (T4) საკმარისი რაოდენობითაა, ჰიპოფიზი აგრძელებს უცვლელი რაოდენობით TSH (თმჰ)-ის გაგზავნას ფარისებრისთვის, რათა T4 შენარჩუნდეს სასურველ დონეზე. როცა თიროქსინი (T4) დაქვეითებულია, ჰიპოფიზი გაზრდილი რაოდენობით TSH (თმჰ)-ს უგზავნის ფარისებრ ჯირკვალს, რათა ამცნოს, რომ უფრო მეტი თირეოიდული ჰორმონის სეკრეციაა საჭირო. რაც ნაკლებია T4, მით მეტი TSH გამომუშავდება და პირიქით, როცა თიროქსინი (T4) მაღალია, ჰიპოფიზი ამცირებს TSH (თმჰ)-ის გამოყოფას, რითიც აუწყებს ფარისებრს, რომ შეამციროს T4-ის წარმოება.
TSH (თმჰ)-ის დონის განსაზღვრა სისხლში:
0.0-0.4 = ჰიპერთირეოზი, TSH (თმჰ) დაქვეითებულია (შემცირებულია)
0.4-4.0 = TSH (თმჰ) ნორმის ფარგლებშია
4.0-10.0 = სუბკლინიკური (მსუბუქი) ჰიპოთირეოზი
10.00+ = ჰიპოთირეოზი.
ლაბორატორიათა უმრავლესობაში TSH (თმჰ)-ის ნორმის ფარგლები 0.4 mU/L -დან 4.0 mU/L-მდე მერყეობს. თუ პირველადი და განმეორებითი კვლევით TSH (თმჰ)-ის დონე აღემატება 4.0 mU/L -ს, ეს მიუთითებს ჰიპოთირეოზზე. ადამიანთა უმრავლესობაში, თუ ფარისებრი ჯირკვალი ფუნქციონირებს ნორმალურად, TSH (თმჰ)-ის დონე მერყეობს 0.4 mU/L -სა და 4.0 mU/L-ს შორის. ორსულებში TSH (თმჰ)-ის დონე შედარებით დაბალ დიაპაზონშია, ხანდაზმულებში – მაღალ დიაპაზონში. თუ TSH (თმჰ)-ის დონე 2.5 – 4.0 mU/L -ს შორის მერყეობს, ექიმმა შეიძლება დაგეგმოს სისხლში თირეოპეროქსიდაზას საწინააღმდეგო ანტისხეულების დონის განსაზღვრა (antiTPO). თუ აღნიშნული ანტისხეულების დონე აღმოჩნდა მომატებული, ეს ადასტურებს აუტოიმუნური თირეოდიტის არსებობას და ჰიპოთირეოზის განვითარების მომატებულ რისკს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში, წელიწადში ერთხელ უნდა შემოწმდეს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია. სისხლში თირეოპეროქსიდაზას საწინააღმდეგო ანტისხეულების დონის განსაზღვრა (antiTPO) არ საჭიროებს განმეორებით შეფასებას. მხოლოდ იშვიათ შემთხვევაში, თუ წარსულში აღნიშნული ანტისხეულები იყო ნორმის ფარგლებში, ორსულობისას შეიძლება დაიგეგმოს მისი განმეორებითი გაკონტროლება.
გახსოვდეთ: როცა თიროქსინი (T4) მცირდება, TSH (თმჰ)-ის დონე იმატებს (თირეოიდული ჰორმონების მიწოდება დაბალია, მოთხოვნა იზრდება), თუ თიროქსინი (T4)-ის დონე იზრდება, TSH (თმჰ) ქვეითდება (თირეოიდული ჰორმონების მიწოდება მატულობს, მოთხოვნა მცირდება). არსებობს ერთი გამონაკლისი იმ წესიდან, რომ ყველა ჰიპოთირეოზიანს TSH-ის დონე მაღალი აქვს – თუ ჰიპოფიზმა შეწყვიტა სათანადოდ ფუნქციონირება, შესაძლოა დაკარგოს ფარისებრი ჯირკვლისთვის ნორმალური რაოდენობით TSH (თმჰ)-ის გაგზავნის უნარი. ასეთ შემთხვევაში, მიუხედავად ჯანმრთელი ფარისებრი ჯირკვლისა, იგი ვერ იღებს საკმარის TSH (თმჰ)-ს და ვერ აწარმოებს საკმარისი რაოდენობით თიროქსინს (T4)-ს. აღნიშნულ მდგომარეობას ჰქვია მეორადი ან ცენტრალური ჰიპოთირეოზი, რაც იშვიათი პათოლოგიაა.
T4-ს ანალიზი
T4 (თიროქსინი) სინთეზდება ფარისებრ ჯირკვალში. თავისუფალი თიროქსინი FT4 და თავისუფალი თიროქსინის ინდექსი არის სისხლის ანალიზი, რომელიც TSH (თმჰ)-თან ერთად საშუალებას გვაძლევს განვსაზღვროთ, თუ როგორ მუშაობს ფარისებრი ჯირკვალი.